ქვემო ქართლს ორი ახალი რეანომობილი გადაეცა. ავტომობილები გარდაბანსა და ბოლნისს აზერბაიჯანმა , „ჰეიდარ ალიევის“ ფონდის დაფინანსებით გადასცა.
რეანომობილები კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაციისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ავტომობილების გადაცემის ცერემონიალს დღეს გარდაბანში აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, გარდაბნის ხელისუფლების პირველი პირები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ამ დრომდე გარდაბნის მუნიციპალიტეტს მსგავსი ტიპის ავტომობილი არ ჰქონდა და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოძახება დედაქალაქიდან ხდებოდა.
სპეცმანქანები ხელოვნური სუნთქვის აპარატით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი და სხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით და ელექტრო მქაჩებით არის აღჭურვილი. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა მისი პირველადი ფუნქცია იქნება მძიმე პაციენტების ტრანსპორტირება სხვადასხვა კლინიკებს შორის. აღჭურვილობა საუკეთესოა და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.