შსს თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული პირი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1956 წელს დაბადებულ ვ.თ.-ს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.