შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) – 8 პირს.
„ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი. სამართალდამცველების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო პერიოდში გახსნილია ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს”, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომლისგანაც 282 შეკვრად დაფასოებული 800 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამოღებულია: 13 კილოგრამი „ჰეროინი“, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი“, 2 კილოგრამამდე „მდმა“, 650 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებები. ამავე პერიოდში ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) – 72 პირს.