ძლიერი სიცხე საქართველოში – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის ზემოქმედებით გამოწვეული რისკები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გადახურება, სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების(გულსისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებული
პრობლემების) მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

“მოერიდეთ თაკარა მზეზე ყოფნას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ უნდა გეცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, გეხუროთ ქუდი და რაც შეიძლება მცირე ხანი გაჩერდით გარეთ. ეცადეთ, რომ სახლში და სამუშაო ადგილზე ტემპერატურა შეინარჩუნოთ 23-28 გრადუსის ფარგლებში. მიიღეთ 1.5-დან 2.5 ლიტრამდე სითხე,-” განაცხადა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, მეორე მთავარი რისკი ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებაა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სიცხისთან გასამკლავებლად ურჩევს: საცხოვრებელ სახლებში ტემპერატურა არ აღემატებოდეს დღისით 32 გრადუსს, ღამით კი 24 გრადუსს; მთელი ღამის განმავლობაში ფანჯრები იყოს ღია; ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც სახლს გაგრილებასთან ერთად, დაატენიანებს; მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას; მიიღეთ გრილი შხაპი და გამოიყენეთ ყინულის პაკეტები; მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე; ატარეთ ღია ფერის, ნატურალური მასალის თავისუფალი ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა; გარუჯვისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.