თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე მონაკვეთის დასაფარად 7-8 საათია საჭირო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს დრო 4-დან 4,5 საათამდე შემცირდება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილი მასშტაბური პროექტები დიპლომატიურ კორპუსს დღეს გააცნო. სამინისტრო რიკოთის საუღელტეხილო და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერებს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ამ პროექტების მშენებლობაზე ჯამში 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. პროექტები დონორი ორგანიზაციებისა მხარდაჭერით განხორციელდება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რიკოთის პროექტის განხორციელება 2018-2021 წლებში იგეგმება.
„შემცირდება კორიდორის მთლიანი სიგრძე, შემცირდება გადაადგილების დრო და თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე მონაკვეთის დასაფარად 7-8 საათია საჭირო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს დრო 4-დან 4,5 საათამდე შემცირდება. მთელ რიგ მონაკვეთებზე გადაადგილების სიჩქარე 80-100%-ით გაიზრდება, ფაქტობრივად, გაორმაგდება. იქნება ოთხზოლიანი გზები, სადაც უსაფრთხოდ გადადგილდებიან როგორც ჩვენი მოქალაქეები ისე ქვეყნის სტუმრები.“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.