მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა.
პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია.
კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ.
დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ამ დრომდე მოქმედი მინისტრი.
ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.
აღსანიშნავია, რომ ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მოსმენის გრაფიკიც დაამტკიცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში, ხოლო 20 ივნისს, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.