მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ორ ახალგაზრდას პოლონეთში ბიზნეს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად მიავლენს.
ბიზნეს კვირეულში მოსწავლეების მონაწილეობა მარნეულის მერიასა და პოლონურ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიმდინარე წლის 20–25 ივნისს, 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდებისთვის კონკურსი იყო გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ცნობით, მერიის შესაბამისი კომისია შემოსულ განაცხადებს უახლოეს პერიოდში განიხილავს და გამარჯვებულ ორ ახალგაზრდას გამოავლენს.
კვირეული პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.
„გდანსკის ბიზნეს კვირეული ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ–ჩვევების დასახვეწი საზაფხულო ბანაკია, რომელსაც ქ. გდანსკის მერია და „გდანსკის მეწარმეთა ასოციაცია“ „კერძო მეწარმეობის განათლების“ ამერიკულ ფონდთან ერთად ატარებს. ასევე, გდანსკის ბიზნეს კვირეული ხორციელდება ბიზნეს ინკუბატორ “Starter”-ის მიერ, რომელსაც უძღვებიან ისეთი ცნობილი კომპანიების პოლონელი და ამერიკელი მენეჯერები, როგორიცაა: Boeing, Apple, Microsoft, Invest GDA და ა.შ.,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
2018 წელს ბიზნეს კვირეულის საზაფხულო ბანაკში 100 ახალგაზრდა მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან გაემგზავრება. კვირეული 15–20 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკის პომორსკის მხარეში გაიმართება.