რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვისთვის წინასწარი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უძღვება. მოსამართლის წინაშე სიტყვის წარსდგა ბრალდებული. როგორც თემურ აბაზოვმა განაცხადა, მას კანონი არასდროს დაურღვევია და ყოველთვის კანონის ფარგლებში მუშაობდა.
,,შემიძლია გითხრათ ,რომ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე, დავამთავრე პოლიციის აკადემია , კანონი არის ჩემთვის პირველი და ის არასდროს დამირღვევია.მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, აზერბაიჯანში კიკბოქსინგში ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება ჩემ გაქცევას, მე პროკურორის მისამართიც არ ვიცოდი, ვახშამზე ვიყავი და განრიგიც კი შევცვალ, 12:00 საათზე ვიქნებოდი პროკურატურაში. ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონის მომხრე ვარ. გარწმუნებთ,არ ვიცი როგორ გითხრათ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, მინდა რომ ვიყო სუფთა, გამორიცხულია ჩემი გაქცევა. ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ და ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღედაღამე მარნეულში კანონის ფარგლებში ვმუშაობდ, გეფიცებით, ბატონო მოსამართლე, საკრებულოს თავმჯდომარე დავაჯარიმე ,როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი. მე თავი მაქვს გატეხილი ჭიქით ,მაგრამ პასუხი არ გამიცია ,ეს რადენიმე კვირის წინ მოხდა, მე არ დამირღვევია კანონი. მეტს ვერაფერს ვიტყვი”-განაცხადა აბაზოვმა.
თემურ აბზოვს 4 ადვოკატი იცავს. ბრალდების მხარემ აღკვეთი ღონისძიების ფორმად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ვინაიდან პროკურორის განცხადებით, გამოძიების პროცესში არსებობს თემურ აბაზოვის მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ბრალდების განცხადებით, თემურ აბაზოვს თურქეთსა და აზერბაიჯანში აქვს სერიოზული კავშირები და შესაძლოა მიიმალოს. ამასთანავე, ვინაიდან ის არის მარნეულის მერი და მისი დაქვემდებარების ქვეშ არის უამრავი ადამიანი, შესაძლოა მათზე მოახდინოს ზეგავლენა.
დაცვის მხარემ კი აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შუამდგომლობა დააყენა.