საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარზე ჩაფხუტების მიჭედებას დაპირისპირება მოყვა

ოზურგეთში, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარზე ჩაფხუტების მიჭედებას ცდილობდნენ.

ამის უფლება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს და გარეთ გამოიყვანეს. ამის შემდეგ, საკრებულოს შენობის ფოიეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლავ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან დაბრუნდნენ.

როგორც ბესო ქათამაძემ განაცხადა, საკრებულოს დეპუტატებმა მმართველ გუნდში ვერ აიღეს პასუხისმგებლობა მასზე თავადასხმასთან დაკავშირებით. ბესო ქათამაძის თქმით, ჩაფხუტი იმიტომ მიიტანა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეს ის თავის დასაცავად დასჭირდება.

„გურიაში და არა მარტო მთელ საქართველოში არ არიან დაცული მოქალაქეები, მით უმეტეს საკრებულოს დეპუტატები. პოლიცია მოგვივარდა. 5 დღეა აქ ვშიმშილობთ და ჩაფხუტი სიმბოლურად უნდა დაგვემაგრებინა, თუმცა სამართალდაცველებმა ამის უფლება არ მოგვცეს“, – განაცხადა დავით მჟავანაძემ.