ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული 51 ოჯახისთვის ზარალის ანაზღაურების მიმართულებით კომისია მუშაობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში  ზარალის დამთვლელი კომისიის გაფართოებული სხდომა ჩატარდა. კომისია 22 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული 51 ოჯახისთვის ზარალის ანაზღაურების მიმართულებით მუშაობს. პროცესში პირადად არიან ჩართული ქვემო ქართლის გუბერნატორი, გარდაბნის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა სოფლისთვის მიყენებული ზარალისა და  მისი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის თქმით, ზარალი საკმაოდ სოლიდურია, თუმცა ზუსტი  ციფრები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომისია სტიქიის ზონაში მუშაობას დაასრულებს. სოფელ კრწანისში უხვი ნალექის შემდეგ, საცხოვრებელი სახლები დაიტბორა,მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა,  განადგურებულია სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები და სასოფლო მეურნეობები. სტიქიის ზონაში ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.