რუსთავში ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო

რუსთავში, გურამიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს რუსთავის მუნიციპალიტეტის დაკვეთით,  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალგეთი“ ასრულებს. ტერიტორია ფილებით მოპირკეთდება, განთავსდება სკამები და ურნები, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემაც. სკვერში მიმდინარე სამუშაოებს დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.  რუსთავის მერის თქმით, პროექტის პირველი ეტაპი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მეორე ეტაპზე კი უკვე მოსახლეობაც ჩაერთვება და საკუთარი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებს მოაწესრიგებს.  დღესვე რუსთავის მთავრობის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი პროექტი, შარტავას მოედანზე სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.