საქართველოში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე სექტემბრიდან შეამოწმებენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება დაიწყება. ამის შესახებ გამყრელიძემ სემინარზე – “ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მისი თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევებით დადგინდა, რომ გვიჩვენებს, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ზომიერი მატებაა, დაახლოებით 15%-დან 20%-ის ფარგლებში.
“საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით დიდი კვლევა ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება.
რაც შეეხება ქართულ სუნელებში არსებულ ტყვიის შემცველობას, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, სუნელებისა და სანელებლების 84 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა.