არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცოლ-ქმარი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს – ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს – პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.