,,გუბერნატორების თანამდებობიდან გათავისუფლება ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ უკავშირდება”

გუბერნატორების თანამდებობიდან გათავისუფლება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს არ უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს გუბერნატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, რეგიონებში დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ახალ ადამიანებსა და უნარებს საჭიროებს.
“ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩვენი მხრიდან. შევაჯამეთ ის პროექტები და 4 თვე, რომელიც ერთად ვიმუშავეთ. მადლობაც გადავუხადეთ ერთმანეთს იმ დროისთვის, რაც ერთმანეთთან სათანამშრომლოდ გვქონდა. გვინდოდა გუბერნატორებს სოზარ სუბარისთვის მოეყოლათ, თუ რა პროექტები ხორციელდება რეგიონებში, მაგრამ ვფიქრობთ, ეს ფორმატიც შესაძლებელი იქნება”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება გუბერნატორების ნაწილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზს, როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, რეგიონებში დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ინიციატივები, გამოწვევები საჭიროებს ხშირ შემთხვევაში ახალ ადამიანებს და ახალ უნარებს. გარდა ამისა, ცქიტიშვილის თქმით, გუბერნატორების თანამდებობიდან გათავისუფლება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს არ უკავშირდება.

მინისტრის განმარტებით, რეგიონული განვითარების სამინისტრო რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის ერთ-ერთ მთავარ უწყებად, რეგიონული განვითარების ფონდი კვლავ ჩვენი სამინისტროს სფეროა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კავშირზე ვიქნებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. ასევე ჩვენთან რჩება დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების შემუშავება და სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური სტრატეგიების შემუშავების ნაწილი, ასევე საჯარო მმართველობის პოლიტიკის ფარგლებში გვაქვს კომუნიკაცია რეგიონებთან”,- განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ სოზარ სუბარის სამსახურს ძირითადად ევალება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და პრემიერის აპარატს შორის კოორდინაცია.