ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტი ვაკანტურია. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გრიგოლ ნემსაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარ კითხვად რჩება თუ ვინ შეცვლის ნემსაძეს რეგიონის რწმუნებულის პოსტზე. როგორც TV4.GE-ს სხვადასხვა წყაროებმა განუცხადეს მთავრობა ვაკანტურ პოსტზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, მათ შორის აქტიურად სახელდება შოთა რეხვიაშვილის კანდიდატურა. შოთა რეხვიაშვილი 2004-2008 წწ-ში – ქვემო ქართლის პროკურორი გახლდათ. ამჟამად კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ სამინისტრო გაუქმდა, ხოლო ყოფილ მინისტრს სოზარ სუბარს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულება ჩააბარეს არ არის გამორიცხული სუბარმა ყოფილ მოადგილეს ქვემო ქართლის რეგიონი ჩააბაროს.
თავად რეხვიაშვილი TV4.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას ჯერ მსგავსი შეთავაზე არ მიუღია და მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე რჩება.
კიდევ ერთი კანდიდატი რომელზეც საუბრობენ პაატა კილაძეა .
პაატა კილაძესთან ერთად განიხილება გოჩა ცოფურაშვილის კანდიდატურა. გოჩა ცოფურაშვილი გუბერნატორის პოსტზე ჯერ კიდევ პაატა ხიზანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს მოიზარებოდა. ცოფურაშვილი სხვადასხვა წლებში იყო ბოლნისისა და მარნეულის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ამ ეტაპზე ცოფურაშვილი სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილეა.
ვინ ჩაიბარებს ქვემო ქართლის რეგიონს ?! – პრემიერ-მინისტრის თქმით, კანდიდატი უახლოეს დღეებში დასახელდება.