ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე–კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილზე

კახა კალაძე მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილს „თავის თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს“.
ასე გამოეხმაურა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

“ცოტა გასაოცარი იყო მისი განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მე მგონია, რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ზოგადად, მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს არსებულ მდგომარეობას და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. არჩევნები ყოველთვის გვაჩვენებს რეალურ სურათს, შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიას მოსახლეობა მიუჩენს თავის ადგილს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჯერ თავის გადაწყვეტილებას არ გააჟღერებს.

“მადლობა გიორგის, რომ ზრუნავს პარტია „ქართულ ოცნებაზე“. ძალიან სასიამოვნოა ის დამოკიდებულება, რომელიც მას გააჩნია. არ ამბობს ჯერ თავის კანდიდატურას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული კანდიდატი წარმოადგინოს. ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს“, – აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ ქართული ოცნება სუსტ კანდიდატს წარადგენს.