კრწანისში ზარალის დათვლა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზარალის შემსწავლელი  დროებითი კომისია, რომელიც 22 ივლისს უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზიანს დაითვლის, დღეს დილიდან სტიქიის ზონაში მუშაობს. პროცესში პირადად არის ჩართული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი. როგორც გარდაბნის პირველი პირი აცხადებს, კომისია ყველა დაზარალებული  ოჯახის ზარალს აღწერს და დღის ბოლომდე სრული მონაცემები გახდება ცნობილი.  შეგახსენებთ, 22 ივლისს უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა, რუსთავი-თბილისის მიმდებარედ არსებული კერძო დასახლება დააზარალა. მოსახლეობას დაეტბორა საცხოვრებელი სახლები  და ეზოები,განადგურდა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები, დახოცილია პირუტყვი და შინაური ფრინველი. ამ დრომდე 4 ოჯახი რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროში რჩება.