მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები მთავარ პროკურორს მიმართავენ, თემურ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს თხოვნით მიმართავენ, რომ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თემურ აბაზოვი უდანაშაულოა და მის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ხოლო საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში იმედოვნებენ, რომ მარნეულის მერი თანამდებობას დაუბრუნდება.
უფლებადამცველების განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა ეჭვი, რომ ელჩინ ა., რომელიც აბაზოვის დაკავების საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, “ვიღაცაზე მუშაობდა”, თუმცა კონკრეტულად ვისზე, ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაცვის მხარე ამაზე დეტალურად ისაუბრებს.

“ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი ვიღაცაზე მუშაობდა, თუმცა რა მიზნით, არ ვიცი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გარკვეული ჯგუფების დავალებებს ასრულებდა. დაცვის მხარე მუშაობს იმისთვის, რომ ეს ჯგუფი გამოავლინოს. მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში კი ამის შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით”, – განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

თემურ აბაზოვის კიდევ ერთი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, წინასასამართლო სხდომა აბაზოვის საქმეზე 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. ამის მიზეზად კი მტკიცებულებების მოპოვება დაასახელა. ადვოკატების განმარტებით, ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარეს შიში აქვს, რომ პროკურატურის მიერ განზრახ არ მოხდეს აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით გამოვლინდა, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის რაიონში ებრძოდა კორუფციას და ნეპოტიზმს, რის გამოც მას გარკვეული პირები უპირისპირდებოდნენ. მისი თქმით, აბაზოვთან დაპირისპირებული პირები არიან ისინი, რომლებსაც თავიანთი ძალების გაძლიერება სურდათ მარნეულში. ადვოკატის თქმით, აბაზოვის დაკავებას წინ ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა.