ოჯახური დანაშაულის ბრალდებით ბოლო 6 თვეში 1328 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახური დანაშაულის შესახებ უწყებისადმი მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანმიმდევრული მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში:

გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა – 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც.

2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.

რაც შეეხება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს, 2018 წლის 6 თვეში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, დაკავებული იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.