რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მძღოლები ტექდათვალიერების ფარგლებში?

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიღებულ შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2005 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქმედებს კანონით განსაზღვრული ნორმა, რომლის მიზანია ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების პრევენცია. დარღვევები უნდა გამოვლინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შედეგად.

საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას ან გადაადგილდებიან იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები.

შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ ნორმის ადმინისტრირების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან, მანამდე, არ არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობის დამადასტურებელი მართლზომიერი საფუძველი.

საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება.

2019 წლის 1 იანვრიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება.