ქვემო ქართლში თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტები გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში და ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სხვადასხვა კომპანიის კუთვნილ ოთხ საწარმოში ფალსიფიცირებული თევზპროდუქტების – ე.წ. შებოლილი „მოივას“, „სტავრიდას“ და „სკუმბრიას“ წარმოება ხდებოდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების შებოლილი თევზი, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.