საპატრულო პოლიციის საინფორმაციო „ქოლ-ცენტრი“ დედაქალაქის შემდეგ რეგიონებსაც მოემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ოპერატორთა გადამზადება დასრულდა და მოსახლეობა საპოლიციო სერვისებს ოპერატიულად და დისტანციურად მიიღებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საპატრულო პოლიციის რეფორმას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მომსახურების განვითარება. საპატრულო პოლიციის რეფორმირების ახალ ეტაპზე მომსახურების ერთიან ცენტრში პირველ მაისს ამოქმედდა საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და გარკვეული სერვისების მიწოდებას უკვე უზრუნველყოფს.
ორთვიანი მუშაობის შედეგად პრაქტიკაში გამოკვეთილი გამოწვევების სრულყოფის მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პროფესიულ დონეს იმაღლებენ „სერვის +“-ის, ეფექტურ კომუნიკაციის წარმოების, შესაბამის ბაზებში მუშაობის, პერსონალური მონაცემების გაცემის სპეციფიკის, მოქალაქეთა საჭიროებების სწორ იდენტიფიცირების და საჭირო სხვა მიმართულებებით“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და „112“ -ის ხელმძღვანელები საინფორმაციო სატელეფონო მომსახურების ცენტრის გადამზადებულ თანამშრომლებს შეხვდნენ.