,,ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა”-რა კომენტარს აკეთებენ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის მშობლები

მე დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა, – ამის შესახებ ხადას ხეობაში, ამერიკის და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულის დედამ განაცხადა.მისი თქმით, 7 ივლისს თავის შვილს ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც მოუყვა, რომ ხეობაში ტურისტები მოკლეს.

დაკავებულის დედა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ობიექტური სიმართლის დადგენას ითხოვს.

“მე დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი მაგას არ ჩაიდენდა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, წესიერად გამოიკვლიოს ეს საქმე და გამაგებინონ სწორი პასუხი. ეს ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. ბოლოს 7 ივლისს დამირეკა, მოვიკითხე როგორ ხართქო და მითხრა, რომ კარგად იყო. მითხრა, ძალიან დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო – ეს იყო სულ ჩვენი საუბარი. მომიყვა, ბევრი ხალხი ტრიალებს დაბლა ჭალაზეო და ეს იყო სულ“, – განაცხადა დაკავებულის დედამ.

დაკავებულის მამა, იორამ კობაური აცხადებს, რომ ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა. მისი თქმით მომხდარის შესახებ ინფორმაცია მეზობლებისგან შეიტყო. დაკავებულის მამა არ ეთანხმება გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მისი შვილი დანაშაულს არ ჩაიდენდა, ის უბრალოდ დააშინეს და ამიტომ არის დაკავებული.

ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.