იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატმა მიხეილ კეკელიამ და წალკის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტის კონსულტანმა დავით გოგიჩაიშვილმა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა.
როგორ ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური არის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი ორგანიზაცია. აღნიშნულმა კომისიამ შეიმუშავა 2018-2020 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომლის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდება.
ადვოკატა მიხეილ კეკელიამ წალკის მოსახლეობას წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია, თუ რა ითვლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობად, რა სამართლებრივი დაცვის გარანტიები არსებობს მსხვერპლისთვის და ვის უნდა მიმართოს მსხვერპლმა/სავარაუდო მსხვერპლმა, თუ ასეთი სახის ძალადობას აქვს ადგილი.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რაზეც წალკის იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტის დავით გოგიჩაიშვილისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბოლო დროს გაიზარდა მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ადრე ასეთი შემთხვევების დამალვა ხდებოდა. მსგავსი სახის შეხვედრები, აღნიშნულ თემებზე ხშირი საუბარი და მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ძალადობის ფაქტების გამოვლენას და შემდგომ რეაგირებას.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს/სავარაუდო მსხვერპლებს, საკუთარი უფლებების დასაცავად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით (ცხელი ხაზი: 292 00 55, www.legalaid.ge, Skype:legalaid.ge, Facebook:legalaid.ge).
გარდა ამისა, დახმარების მისაღებად 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია დარეკვა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 116 006 ან 112; ცხელ ხაზზე დაკავშირება ნებისმიერი ქსელიდან უფასოა.