ოპოზიციური პარტიების ერთობამ – “სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი ქუთაისში, “ბაგრატის ტაძართან” წარადგინა. სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძეა.
ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, ბაგრატის ტაძარი შეირჩა, როგორც გაერთიანებული და ძლიერი საქართველოს სიმბოლო. გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ნაბიჯი თანხმობისკენ გადადგმულია და ის ბევრს შემატებს ქვეყნის აღმშენებლობას.
წარდგენას პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და ყოფილი პირველი ლედი დაესწრნენ. ათი ოპოზიციური პარტიის ახალი გაერთიანების “ძალა ერთობაშია” შემადგენლობაში არიან: „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; “სახელმწიფო ხალხისთვის” – ნიკა მაჭუტაძე; “ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; “ახალი საქართველო” – გიორგი ვაშაძე; “საქართველო ლიდერთა შორის” – მამუკა გამყრელიძე; “საქართველოს ევროპელი დემოკრატები” – პაატა დავითაია.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისთვის იბრძოდა. ის მეორე ტურში გავიდა, მაგრამ პარტიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.