დღეს ღამე ყველაზე ხანგძლივი მთვარის დაბნელება იქნება

დღეს, 27 ივლისს, მსოფლიოს უმეტესი ნაწილის მოსახლეობა ცაში მიმდინარე საოცარი სანახაობის მომსწრე გახდება.
თბილისის დროით 21:14 წუთზე დაიწყება მთვარის სრული დაბნელება. მოვლენა საქართველოდანაც გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის სრული დაბნელებები ხშირად ხდება, დღეს ღამე დაბნელება გამორჩეულია იმ მხრივ, რომ ყველაზე დიდხანს გასტანს 21-ე საუკუნის სხვა დაბნელებებს შორის. მარსი ცაზე ბოლო 15 წლის სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწევს.

სრული დაბნელების პერიოდი (დაბნელების მონაკვეთი, როცა მთვარე მთლიანად არის მოქცეული დედამიწის ჩრდილში) 1 საათსა და 43 წუთს გასტანს. როგორც წესი, მსგავსი დაბნელებები ერთ საათზე მეტხანს არ გრძელდება. დაბნელება პიკს 28 ივლისის 00:21 საათზე მიაღწევს და 03:28 საათზე დასრულდება.

შემდეგი ხანგრძლივი დაბნელება 2025 წელს მოხდება, მაგრამ მხოლოდ 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდება.

მთვარის დაბნელება ხილული იქნება აფრიკიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან, ევროპიდან, მათ შორის საქართველოდანაც.