მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი წარმატებულ სპორტსმენს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე მარნეულელ წარმატებულ სპორტსმენს, ლუკა კაპანაძეს შეხვდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში კადეტთა შორის მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეხვედრას მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამირან გიორგაძე, მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი იაგო ნავერიანი, მერიის თანამშრომლები და მწვრთნელები ეწრებოდნენ.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლუკა კაპანაძეს მიღწეული შედეგი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აღნიშნული ჩემპიონატი ძიუდოში 2018 წლის 28 ივნისიდან – 1 ივლისამდე, ბოსნია-ჰერცოგოვინაში მიმდინარეობდა ჭაბუკ სპორტსმენთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი, მათ შორის, ორი სპორტსმენი, ბექა წიფიანი და ლუკა კაპანაძე წარმოადგენდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლას.

ლუკა კაპანაძე, რომელიც 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ავსტრიელ ძიუდოისტს, სამუელ გასნერს დაუპირისპირდა. მარნეულელმა სპორტსმენმა მოწინააღმდეგე დიდი უპირატესობით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანის სტატუსი მოიპოვა.