სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა ლ. და სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ალექსი მ. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ფუძე“-ს დირექტორი ილია ნ, მშენებელი ჯემალ მ. და ქვეკონტრაქტორი კომპანია- შპს „იმედი“-ს დირექტორი იოსებ ტ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი დაბა მანგლისში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებზე. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ფუძე“, რომელთანაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ფუძე“-ს უნდა შეესრულებინა კანალიზაციის სისტემის მოწყობის 1 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. მათ წინასწარი შეთანხმებით, თანხების თაღლითურად მითვისების მიზნით ფარული სამუშაოების აქტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს.
საერთო ჯამში სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 114 814,17 ლარი.