ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აბიტურიენტთა ორმა პროცენტმა გაასაჩივრა, ამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის თქმით ,ქულის შეცვლის შემთხვევაში, აბიტურიენტს გასაჩივრებაში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
„საერთო ჯამში, სულ 2200-ზე მეტი განაცხადია შემოსული. სხვადასხვა საგნების მიხედვით სხვადასხვა რაოდენობაა. ყველაზე მეტად გასაჩივრებულია თხზულებების ნაწილი, სადაც სუბიექტივიზმის დონე შედარებით მაღალია. ანუ თხზულება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში. ყველაზე ცოტა აპელაცია რაოდენობის მხრივ ფრანგულის გამოცდაში შემოვიდა – სულ სამი განაცხადია, ასევე ცოტაა ხელოვნებაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში შემოსული განაცხადებიც. ზოგადად, აპელაციების რაოდენობა მცირეა და 1.5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე მერყეობს. შარშანაც დაახლოებით ამდენივე პროცენტული რაოდენობის აპელაცია იყო შემოსული. შარშანდელ სტატისტიკას თუ შევადარებთ, შემოსული აპელაციების დაახლოებით 15-20 პროცენტის შემთხვევაში, ქულა იცვლება ხოლმე. ეს გულისხმობს, რომ აბიტურიენტს ქულა შეიძლება მოემატოს ან დააკლდეს. ორივე შემთხვევაში, აბიტურიენტს გასაჩივრებაში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება“,-განაცხადა ივა მინდაძემ და აღნიშნა, რომ სააპელაციო განაცხადების ყველა შედეგი სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაირკვევა. ამავე პერიოდში გახდება ცნობილი სახელმწიფო გრანტის განაწილების შედეგებიც.
„შესაბამისად, აგვისტოს ბოლომდე გამოქვეყნდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შედეგებიც“,-განაცხადა მან.
შეგახსენებთ , 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს 38 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა.