მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.
„1 აგვისტოს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე, დაიწყო საარჩევნო პერიოდი. საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად, გარკვეული საარჩევნო პროცედურების განხორციელება უკვე დაიწყო, მათ შორის, დაწყებულია არჩევნებში ჩართული მხარეების რეგისტრაციის პროცედურები: პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატის წარდგენის მიზნით, უკვე შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს (მიმდინარე წლის 8 სექტემბრის ჩათვლით), რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, დროულად დაიწყონ რეგისტრაციისთვის საჭირო მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება (არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერისა).
პრეზიდენტის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრაციის პროცედურები ასევე, დაწყებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის (ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის მომართვის ბოლო ვადაა – მიმდინარე წლის 18 ოქტომბერი, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის კი – 21 ოქტომბერი). აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გაზარდა ცესკოს ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმომადგენლების და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, წელს პირველად, პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეძლევათ ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით“,- აცხადებენ ცესკოში.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, გამოცხადებულია კონკურსი, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად და ასევე, მიმდინარეობს უფლებამოსილი პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების დანიშვნის პროცესი. შესაბამისად, საარჩევნო პროცესების ღიაობისა და გამჭვირვალობის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია ჩართული მხარეების აქტიური მონაწილეობა.
ცესკო მიმართავს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, დროულად გაიარონ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და მიმდინარე საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.