გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.
უმცროსი ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, მამაცობისა და თავგანწირვისათვის, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ზურაბ ბეგიაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
საომარი მდგომარეობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისათვის, ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ასევე, მიიღო მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“.
გარდაცვლილი სამხედროს ოჯახთან შეთანხმებით, საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა, ასევე კუმისის სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო სკოლას გმირი თანასოფლელის ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მინიჭებოდა. ქართველი სამხედრო ექიმი ამავე სკოლაში 1986-1996 წლებში სწავლობდა.