ანაკლიაში ფესტივალის მიმდინარეობისას სამედიცინო დახმარება 253 პირს დასჭირდა

ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან კლინიკებში ჯამში 27 პირია გადაყვანილი, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალის მიმდინარეობისას მედპერსონალი სულ 253 პირს მოემსახურა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 78 გამოძახება შეასრულა, ამათგან 53 პირს ზოგადი ჩივილები აღენიშნებოდა.

მათივე ინფორმაციით, 25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ 11 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, ჯამში, სულ 27 პირი იქნა კლინიკაში გადაყვანილი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის, ყველა პაციენტი გაწერილია ბინაზე.

ცნობისთვის, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სამედიცინო მომსახურებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფდა. ფესტივალის გახსნიდან მის დასრულებამდე,

ადგილზე განთავსებული იყო სასწრაფო დახმარების 5 ეკიპაჟი, სამედიცინო დახმარების 3 პუნქტი, 2 რეანომობილი და 5 ქვეითი პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ფესტივალი 23 აგვისტოს გაიხსნა და 27 აგვისტოს დაიხურა.