გაზზე მომუშავე ავტომანქანების 28%-მა ტექინსპექტირება ვერ გაიარა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ტექინსპექტირება გაზზე მომუშავე 1 634 ავტო სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, აქედან 1 178 ანუ საერთო რაოდენობის 72% არის გამართული, 456-მა (28%-მა) ავტომობილმა კი ტექინსპექტირება ვერ გაიარა. რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1-ლი იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო 14-16 წლის ავტომობილებს ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა გაევლოთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ავტომობილი ხვდებოდა ამ კატეგორიებში, არ არსებობს.

მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში, 2 ქუთაისში, 1-გორში, 1 ბათუმში, 1 საგარეჯოში, 1 კი ქობულეთშია განთავსებული.

როგორც შპს „აირბალონის“ ტექნიკური მენეჯერი გიორგი ხვედელიძე აღნიშნავს, ივლისში ტექინსპექტირების ცენტრში მძღოლების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო, თუმცა მომართვიანობა თანდათან შემცირდა.

„მძღოლები ინფორმირებულები არიან, მაგრამ დღესდღეობით ვერ ვიტყვი, რომ აქტიურობენ. დღის განმავლობაში ჩვენი ცენტრი 3-4 აირბალონიან ავტომობილს ემსახურება. ივლისში კი რიგს 30-მდე ავტომანქანა ელოდებოდა. ავტომობილების უმრავლესობა სხვადასხვა დარღვევით შემოდის. თუ ბალონი არ არის შესაცვლელი, დარღვევების ძირითადი ნაწილი მარტივად მოგვარებადია. დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა, პიროვნებას 1972 წელს გამოშვებული ბალონი ჰქონდა ავტომობილში, რა თქმა უნდა, ის ვერ დააკმაყოფილებდა ვერანაირ სტანდარტს. ჩვენ უფლებამოსილები ვართ, რომ ასეთ დროს დავაზიანოთ ბალონის ყელი, რათა ვადაგასული ბალონი მიმოქცევაში არ მოხვდეს “, – განაცხადა გიორგი ხვედელიძემ.
მისივე ინფორმაციით, აირბალონიანი ავტომობილის შემოწმების სტანდარტული ფასი 130 ლარია.

ცნობისთვის, ავტომობილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო, რომლის ამოქმედების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა.

აირბალონების პერიოდული შემოწმება შემდეგი პერიოდულობით ხორციელდება:

ა) ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – სამ წელიწადში ერთხელ;
ბ) ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – ხუთ წელიწადში ერთხელ.
3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის
შემადგენლობა, ასეთი ბალონის შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.
4. აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.
11-13 წლის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ბოლო ვადად 2019 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული, ხოლო ყველაზე ახალი 1-10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია.