გაიზარდა თუ არა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტთა რიცხვი?

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტთა რიცხვი წელს გაზრდილია, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, პროგრამაზე რეგისტრირებული 1211 აბიტურიენტი სტუდენტი უკვე გახდა. მათ შორის არიან აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტები. წელს პროგრამაზე დარეგისტრირდა და სტუდენტი გახდა ოსურენოვანი აბიტურიენტიც.
„რაც შეეხება ქართულ ენაში მომზადების პროგრამას, მომართვა გაზრდილია. ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია. ეს ეხება ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს. ერთი ოსურენოვანი აბიტურიენტი ჩაირიცხა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე და სულით და გულით ვულოცავ მას ამ წარმატებას. გაიზარდა სხვათა შორის აზერბაიჯანულენოვანი, სომხური და ახლა უკვე ოსურენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით. წინა წელს იყო 1047“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ქართული ენის შემსწავლელ პროგრამაზე ის აბიტურიენტები ხვდებიან, რომლებმაც ჩააბარეს ზოგადი უნარების ტესტი სომხურ, აზერბაიჯანულ ან ოსურ ენაზე. ე.წ. მოსამზადებელი 1+4 პროგრამა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შემუშავდა. ერთი წლის განმავლობაში სტუდენტები ქართულ ენას ეუფლებიან, შემდგომ კი ოთხი წელი საბაკალავრო პროგრამის გავლის შესაძლებლობა აქვთ სასურველი სპეციალობით.
პირველი წლის ბოლოს 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში (რაც კურსის წარმატებულად დასრულებას ნიშნავს), სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გამოცდების გარეშე სწავლა მათთვის სასურველ ფაკულტეტზე გააგრძელონ.