ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-ზე მეტმა ვერ გადალახა, – ამის შესახებ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი – 80 ქულა.
„ტესტის სხვადასხვა ვერსიის სირთულე მერყეობს საშუალო ფარგლებში. გვაქვს ვარიანტი, რომელიც საშუალოზე მარტივიც არის, ესაა მესამე ვარიანტი. საშუალოზე ცოტა რთული ვარიანტია მეორე. 13%-ზე ცოტა მეტია ისეთი, რომელმაც ზღვარი ვერ გადალახა. ისინი, სამწუხაროდ, კონკურსს გამოეთიშებიან. ვერსიებს შორის მინიმალური ბარიერები ასეთია: მესამე ვარიანტი -24 ქულა, პირველი და მეოთხე ვარიანტი – 23 ქულა, მეორე ვარიანტი – 22 ქულა“, – განაცხადა სოფო დოლიძემ.
მისივე თქმით, აბიტურიენტები, რომლებმაც რთული ვარიანტი დაწერეს, არ დაიჩაგრებიან, რასაც სკალირების პროცედურა უზრუნველყოფს.
დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გახდა ცნობილი, სხვა საგნების შედეგები კი, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.