მამუკა ბახტაძე – ნებისმიერი ქართველისთვის თავისი დიდგორი გრძელდება, ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის

დავით აღმაშენებელმა ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდგორში განაცხადა, სადაც დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავით აღმაშენებელმა აჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის ჭეშმარიტება და სიმართლე, არ არსებობს ძალა, რომელიც დაგამარცხებს.

„დავით აღმაშენებელმა ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. მან ჩვენ გვაჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის ჭეშმარიტება და სიმართლე, არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება დაგამარცხოს, ეს არის ის დიდი ემოცია, რომელიც ქართველ ერს დღემდე მოგვყვება. რომელმაც შეგვინარჩუნა ჩვენი იდენტობა და სახელმწიფოებრიობა. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ქართველისთვის, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის თავისი დიდგორი გრძელდება, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის და იმისთვის, რომ საქართველომ ღირსეულად დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი განვითარებული ქვეყნების რიცხვში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.