მომავალი წლიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირებას თვითმართველობები უზრუნველყოფენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
მოადგილეები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საირმეში გაიმართა და მას აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სვანეთის რეგიონებში შემავალი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სამუშაო შეხვედრა გაიმართა და საშუალება მოგვეცა დაგვენახა რამდენად მზად არიან მუნიციპალიტეტები, რომ ერთი კონკრეტული ფუნქცია – სკოლების სატრანსპორტო მომსახურება თვითმმართველობებში გადავიდეს. გამოჩნდა სირთულეები, პრობლემები, რაც ახლავს ამ საკითხს და დავინახეთ სადაა საჭირო ჩვენი დახმარება“ – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვითმმართველობებისთვის მეტი შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს.

„დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი, რასაც მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. ამ საკითხის გარდა, ჩვენ მზად ვართ,დეცენტრალიზაციის პროცესში, ბევრი სხვა უფლება და შესაძლებლობა გადავიტანოთ ადგილებზე“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ცენტრალური ხელისუფლებიდან თვითმმართველობებში გარკვეული ფუნქციების დელეგირება ძალიან საინტერესოა პროცესია, ამჯერად საუბარია სკოლების მოვლა-პატრონობისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხებზე. შეხვედრები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ გვექნება ხელშესახები შედეგები ყველა მიმართულებით“ – განაცხადა ბაღდათის მერმა, არჩილ გოგსაძემ