წერეთლის გამზირზე, „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, პატრულის თანამშრომელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აკაკი წერეთლის გამზირზე, გვიან ღამით პატრულირების დროს, „დინამო-არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთშელაპარაკება ჰქონდათ.
პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა რ.შ. და თ.ძ. არ დაემორჩილნენ პატრულ-ინსპექტორების – ალექსანდრე ხუჭუას და მალხაზ ხუფენიას კანონიერ მოთხოვნას.
მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შედეგად, პატრულ-ინსპექტორი ალექსანდრე ხუჭუა ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება რ. შ. და თ. ძ. მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 – ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
პოლიციამ, ასევე, დააკავა ინციდენტში მონაწილე სამი პირი. 1989 წელს დაბადებული გ. ბ., 1979 წელს დაბადებული ჯ. ნ., 1984 წელს დაბადებული თ. ს. დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.