წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახი, სადაც ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს. მრავალშვილიანი დედა, ნინო ირემაძე ამბობს, რომ უკვე რამდენიმე თვეა ის წალკაში ქირით ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ სახლის მეპატრონე სახლის გაყიდვას აპირებს და ბავშვებთან ერთად საცხოვრებელი უნდა დატოვოს.
ნინო ირემაძის თქმით, ოჯახი საცხოვრებელ ფართში მინიმალურ თანხას, 100 ლარს იხდიდა და აღნიშნული თანხით ალტერნატიული ფართის პოვნა უჭირთ. მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს და როგორც ნინო ირემაძე ამბობს სოციალური შემწეობით მხოლოდ საკვებისა და მედიკამენტების შეძენას ახერხებენ. ირემაძეების სამ შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვთ და მათი მკურნალობა საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.
ნინო ირემაძის თქმით, მან დახმარების თხოვნით წალკის მერიასაც მიმართა, თუმცა მერიაში მას დახმარებაზე უარი უთხრეს და მიზეზად ბიუჯეტში თახების არარსებობა დაასახელეს.