რუსთავის წყალმა ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მასშტაბური პროექტი დაასრულა, რომელშიც კომპანიამ 600 000ლარის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ბოლო ეტაპი, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები, კომპანიამ გუშინ 9 აგვისტოს , საღამოს 23:00 საათიდან დაიწყო და 11 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაასრულებს.
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი იყო მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ამ დროის განმავლობაში წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს,ქალაქ გარდაბანს.
მოსახლეობის მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით 24 საათიან რეჟიმში ქალაქის რვა სხვადახვა წერტილში მობილიზებულია წყლის ცისტერნები. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქის მეშვეობით.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების დასრულებისთანავე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამასთანავე, მომავალში ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მოსახლეობის მინიმალურ რაოდენობას შეეზღუდება წყალმომარაგება. კომპანია რუსთავის წყალი მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამუშაოებს.
2018-2020 წლებში ქალაქ რუსთავში სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კომპანია 12მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.









