,,რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და შეიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე”-უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში წერია, რომ უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრულ და მტკიცე მხარდაჭერას.

„2018 წლის 8 აგვისტოს 10 წელი ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი შეიარაღებული აგრესია დაიწყო. საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფით რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და შეიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მედიატორებს – ევროკავშირს, ეუთოს, გაეროს, აშშ-სა და საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძონ ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადასაჭრელად“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლისთავზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.