დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად დაასახელა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო.
„მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას ოფიციალურად პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს.