რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა პატიმრობის შეფარდების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ პროცესზე განაცხადა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყოფილი გენერლისა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა სწორედ გიორგი ჭანტურიას ჩადენილია . ბრალდების მხარის განცხადებით, დანაშაული ჭანტურიამ შურისძიების მოტივით ჩაიდინა და ქუთათელაძე სამუშაო ოთახში არარეგისტრირებული იარაღით მოკლა. პროკურორის მტკიცებით, საქმეზე დაკითხულია რამდენიმე მოწმე და მათი ჩვენებები ჭანტურიას მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტს ადასტურებს.
ბრალდების მხარის განმარტებით, თუ გიორგი ჭანტურია თავისუფლი იქნება, არსებობს მისი მიმალვის და ასევე მტკიცებულებების განადგურების საშიშროება.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატებმა სასამართლოს 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართეს. დაცვის მხარის განცხადებით გიორგი ჭანტურია გამოძიების დაწყების ეტაპიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ადვოკატები აცხადებენ ,რომ ჩატარებული ექსპერტიზებით დასტურდება, ჭანტურიას უდანაშაულობა .
ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულის მიმალვის საფრხე არ არსებობს,რაც მყარდება იმით, რომ ჭანტურია 8 თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მედიით გავრცელებულ ჩანაწერს, ჭანტურიას ადვოკატების თქმით, ჩანაწერი არის ფალსიფიცირებული.
გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის არსებითი განხილვა 26 სექტემბერს, დღის 12:00 საათზე ჩაინიშნა