2018 წლის პირველ 6 თვეში, ევროპაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ადამიანებიდან 37 გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გასული წლის ამავე პერიოდში წითელას შემთხვევების მაჩვენებელმა 23 927 შეადგინა, 2016 წელს კი 5 273. ექსპერტები ინფიცირების შემთხვევათა მატებას იმას უკავშირებენ, რომ ადამიანები ვაქცინაციას უფრო იშვიათად მიმართავენ.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი, 23 ათასი შემთხვევა უკრაინაში აღირიცხა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
ევროპაში კიდევ 6 ქვეყანაა, სადაც ექვს თვეში ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა:
საფრანგეთი;
საქართველო;
საბერძნეთი;
იტალია;
რუსეთი;
სერბეთი.
ამ ქვეყნებიდან, ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 14 შემთხვევა, სერბეთში დაფიქსირდა.
წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია,ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე.