სკანდალური ქადაგება-მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს

ცოტნე აღმსარებლის ქვეყანაში ავაზაკს, პატრიარქის მოცილება ვისაც უნდოდა, იმ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, აცხადებენ ლამის გმირად. ეს არის დიდი სირცხვილი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს. მეუფე დღევანდელ ქადაგებაში დეკანოზის ადვოკატების მხრიდან პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ამის წინააღმდეგი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ დეკანოზს პატრიარქის მოცილება უნდოდა. მისივე თქმით, ამ „დაჯგუფების“ უკან ერთ-ერთი ბიზნესმენი დგას.

„მამა თეიმურაზმა მოგილოცათ ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე. შევხედოთ, რამდენი წელი გავიდა მის მერე და მისი მაგალითი ყოველთვის ჩვენს გულებშია და როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს ხოლმე. გადავხედოთ დღევანდელ საზოგადოებას თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილი ისე დაეცეს, რომ ცოტნე აღმსარებლის ქვეყანაში ავაზაკს, პატრიარქის მოცილება ვისაც უნდოდა, იმ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, აცხადებენ ლამის გმირად. ეს არის დიდი სირცხვილი. გასაგებია, რომ ეკლესიას ებრძვიან და უნდათ, რომ თითოეულ ჩვენგანზე საზოგადოებაში შემოიტანონ ის აზრი, რომ არც ეპისკოპოსებზე, არც ბერ-მონაზვნებზე, არც მორწმუნეებზე, არც სამღვდელოებაზე კარგი წარმოდგენა არავის ჰქონდეს. შეხედეთ, რამდენი ხანია, თითქმის 2 წელია მაგათ ავაზაკობას ვითმენ, ვუსმენ. არ გეგონოთ, რომ შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა და ეს მისი საქმეა, რაშიც ვერ ჩავერევი. ვისაც პატრიარქის მოცილება უნდა და იმას კაცად აცხადებენ, თავიდანვე რომ კაცი არ არის, როგორ უნდა იყოს ის მღვდელი ან ვინმე. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ ვინ არის მტერი ეკლესიის, სამშობლოს მტერი და ვინ არის მოყვარე. ასე არ შეიძლება – არც გვარამიას, არც გაბუნიას, არც ნოდარ მელაძის და არც ინგა გრიგოლიას გადასაწყვეტი არ არის ეკლესიის შიდა საქმეები“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ეს დაჯგუფება მას ებრძვის და ნუ ჰგონიათ, რომ არ იტყვის რას და როგორ აპირებდნენ. „გამოუშვან, არ მაქვს პრობლემა, თუმცა რასაც ვითმენდით სანამ ციხეში იყო და როგორც მლანძაღვდნენ, თითქოს მე დავაჭერინე, მე შევუკვეთე ციანიდი? მაგათ რა ჰგონიათ, არ ვიტყვი რას აპირებდნენ და როგორ აპირებდნენ?! სხვებზეც არ ვიტყვი, უნდოდათ თუ არა პატრიარქის მოცილება?! იმიტომ, მებრძვიან, რომ არ დავანებე მაგათ. მშიშარას მიწოდებენ და შიშით ისე მელაპარაკებიან, რომ ზოგი ინგა გრიგოლიას კალთას ეფარება, ზოგი მელაძის. ბერობა და ეპისკოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს, ჩემს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ. საკმაოდ დიდი ძალაა, რომელიც პატრიარქს დაიცავს. სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, მე დავიწყებ ჩვენთანაც და ბევრგანაც“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი ცდილობდა მამა კახაბერ გოგოტიშვილის დაშანტაჟებას. „რაც დაჭერილია, ჯერ მამა კახაბერ გოგოტიშვილთან მიდიოდნენ და შანტაჟის ენით ელაპარეკობდნენ. მე ვეუბნეოდი, არავითარი დათმობა – თუ რამე ფაქტი აქვთ დადონ. არაფერი აქვთ თავიანთი ავაზაკობის გარდა. 50 მილიონი და 6 მილიონიო უწმინდესმა რომ ბრძანა არ ვიცოდიო, ლამაზი თვალების გამო აძლევდნენ უცხოელები მამა გიორგის? იქიდან დიდი პროცენტი ხვდებოდა მაგას და რატომ არ ფიქრობთ, რომ ბოროტ საქმეში უნდოდა მაგის გამოყენება? არავის ეგონოს ვინმეს რამე დავუთმო. ასე რომ ვლაპარაკობ, ეს მუქარა გგონიათ, მაგრამ ეს მუქარა არ არის. მე საქმით ვაჩვენებ ვინ რას დაიმსახურებს“, – აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

მისივე ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე იძულებული იყო რუსეთიდან გამოქცეულიყო. „სახელმწიფოსიც მიკვირს, არ იციან ამდენი ხანი მისი ავაზაკობა? რუსეთის ეკლესიის წევრი იყო და იმათი მღვდელმსახური იყო ეს მამალაძე. მანქანა რომ დაუწვეს და ძლივს გამოასწრო, ჩვენმა ეკლესიამ რატო შეიფარა ჩემთვის დღემდე გაუგებარია. იმ ავაზაკს რატომ იცავენ? დაუსვან მეუფე პეტრეს კითხვა, იცის თუ არა ეს საკითხი და რატომ იცავს მერე? თურმე 2013 წლის 17 მაისის გამო მე ვყოფილვარ ერის სირცხვილი. ვნახოთ, ვინ არის სირცხვილი და მაგასაც ვნახავთ. ის ბიზნსესმენი ჭკვიანად იყოს ვინც აფინანსებს მაგათ, გადაცემებში ფულს რომ იხდის… ყველას ვამხელ და ყველა თავისას მიიღებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.