ქართველი მოჭიდავეები რუსული დროშის მაისურით–რას აცხადებს მწვრთნელი

ჩვენ ჩავიცვით მაისური, რომელზეც ჩვენი მეგობრის ფოტო იყო გამოსახული, ეს არის მეგობრული ჟესტი, – ამის შესახებ  საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მისი და ნაკრების სხვა წევრების მიერ რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, დე ფაქტო პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმას.

„რუსეთის დროშის ფერებში არ ჩაგვიცვამს, ჩავიცვით მაისური, რომელზეც ჩვენი მეგობრის ფოტო იყო გამოსახული. ის არის ჩვენი ქვეყნის შვილი, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, წარმატებული სპორტსმენი და მწვრთნელი. ეს არის მეგობრული ჟესტი. გააჩნია რა მხრიდან დავანახებთ ამ ყველაფერს ხალხს. რომ დაგვენახებინა იმ კუთხით თუ როგორ უყვართ ქართველებს და ოსებს ერთმანეთი, ხალხი ასე დაიჯერებდა. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობას და გვტკივა დაკარგული ტერიტორიები“, – განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს. ფოტოზე, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ მიაწოდეს, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიოს ჩემპიონებს – გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.