ქვემო ქართლის გუბერნატორმა პირველი შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და პარლამენტის დეპუტატებთან პირველი შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ახალი გუბერნატორი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა წარუდგინა. შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გააკეთა აქცენტი, რომელიც რეგიონის განვითარების კუთხით უნდა შემუშავდეს. შოთა რეხვიაშვილის თქმით, მისთვის კარგად არის ცნობილი ქვემო ქართლის პოტენციალი, მოსახლეობის საჭიროებები და ის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციით რეგიონის სწრაფ განვითარებაზე იმუშავებს. დღესვე შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეთნიკურ უმცირესობებში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემა სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონის კუთხით და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს დაავალა აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს რეხვიაშვილის თქმით, ის არსებულ გუნდთან ერთად იმუშავებს და თუკი იქნება საჭიროება, რომ კადრების რეორგანიზაცია მოხდეს ცვლილებები განხორციელდება.