„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა მრავალეროვნულმა ქვედანაყოფმა „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო შეასრულა. სწავლების ამოცანა ქვედანაყოფის მიერ რაიონული თავდაცვის განხორციელება იყო, რათა ბრძოლაში ჩართვის არეალში პირობითი მოწინააღმდეგე დაემარცხებინა და დივიზიისთვის კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი რეჯინალდ ნილი დაესწრნენ. მე-11 პოლიგონზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითდი ჯგუფის ექსპერტები.
წელს საჩვენებელ სწავლებაში ქართველმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსი „ჯაველინი“. საჩვენებელ წვრთნაში ასევე, პირველად მონაწილეობდა ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 „აპაჩი“. საჩვენებელი საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ „მარდერი“, ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანამ „სტრაიკერი“, ქართულ შეიარაღებაში არსებულმა T-72 ტანკებმა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა აღმოუჩინეს. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.