შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასაზღვრო სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, 1990 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.მ. დააკავეს.უწყების ცნობით , დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
დანაშაული 15-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილო და 119 გრამ ჰეროინს შეიცავს, ასევე, 1,1935 გრამი მეტამფეტამინი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.