წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ. ასეთ პირებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეეძლებათ. სურვილის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვისაც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მღვდელმსახურის წოდება აქვს მინიჭებულ.თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  შალვა ხუციშვილის ინფორმაციით , ალტერნატიული სამსახურის დასაწყებად, წვევამდელის სურვილის გარდა სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაცაა საჭირო.

„მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ არ წავიდეს ჯარში და მოიხადოს ალტერნატიული სამსახური. აქ ასევე არის გარკვეული ჯანმრთელობის მონაცემები, რომელიც მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს. ალტერნატიულ სამსახურში მოხვდებიან ის ადამიანები, ვისაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ უნდათ. ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს იძულების ხასიათი არ ექნება და წვევამდელის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ალტერნატიული სამსახური 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და მომავალი წლის გაწვევის დაწყების დროს, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს ალტერნატივა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე, რათა ვიმუშაოთ იმ ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად, სადაც ეს მეთოდი წარმატებულად მოქმედებს“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.